თავგადასავლები 12-წლამდელებში - ორი ავტოგოლი, ჯაფარიძის პოკერი, კიკალიშვილის ჰეთ თრიკი

Written on .

25 ივნისს, ჯემალ ხერხაძის სახელობის გათამაშებაზე (2005 წლამდე ჭაბუკები) I წრის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა:

"ტორპედო" (ქუთაისი) - "იმერეთი" (ქუთაისი) 3:0 (0:0)
"იმერეთი" (ხონი) - "სპორტსკოლა" (სამტრედია) 3:1 (1:0)
"მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) - "მართვე" (ქუთაისი) 1:2 (1:0)
"შუქურა" (ქობულეთი) - "ჩიხურა" (საჩხერე) 6:0 (2:0)
"ხვამლი" (ცაგერი) - "სამტრედია" 4:2 (2:0)

ქუთაისურ დერბიში "ტორპედომ" დავით კიკალიშვილის ჰეთ თრიკით იმარჯვა, რომელმაც მეტოქის კარში მეორე ტაიმის პირველ და ბოლო წამებზე გატანილებს, ერთიც 36-ე წუთზე გამოურია - 3:0.

ხონელებმა სამტრედიელ სპორტსკოლელებს უმასპინძლეს და 3:1 სძლიეს. გამარჯვებული საბა კუხალაშვილის გოლებშუა (27, 55) გიორგი ხაჭაპურიძემ 49-ე წუთზე გამოიჩინა თავი. სტუმრებს რაც შეეხება, მათგან გოლი გიორგი მაჩიტიძემ (43) გაიტანა.

თერჯოლამ ზესტაფონელთა და ქუთაისელი მართვეების იმერულ დერბის უმასპინძლა. ნიკა მღარიშვილის (18) გოლით მარგველებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ გამარჯვების ბოლომდე შენარჩუნება მაინც ვერ შეძლეს. ჯერ მათე ენდელაძემ (38) გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე გოგა ანასაშვილმა ვალერი კუბლაშვილის გაწვრთნილებს მოაგებინა - 1:2.

"შუქურამ" აჭარაში სტუმრად მყოფ "ჩიხურას" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და 6:0 მოუგო. საქმე ის გახლავთ, რომ არბიტრმა საჩხერელ პავლე თოდაძეს (34) ავტოგოლი მიუთვალა, დანარჩენი გოლები კი მხოლოდ 2 ქობულეთელის ანგარიშზეა. ანგარიში გიორგი ქათამაძემ (25) გახსნა, რის შემდეგაც მასპინძელთა კაპიტნის გურამ ჯაფარიძის (29, 32, 38, 48) პოკერით გალამაზებული "ბენეფისი" მოეწყო.

წრის ბოლო მატჩი ცაგერში შედგა. ადგილობრივი "ხვამლი" ცაგერელი ჯონი მეგრელის (10), დავით საღინაძის (34), ლუკა მეშველიანის (38) გოლებით და სამტრედიელი გიორგი ჯანიკაშვილის (23) ავტოგოლით 38-ე წუთისთვის 4:0-ს იგებდა. სტუმრებმა რაც შეძლეს, მატჩის ბოლომდე ანგარიშში სხვაობა ორამდე შეამცირეს - დუბლი ერეკლე ხუჭუამ (45, 55) შეასრულა.

დაბეჭდვა